სერია A-ს მე-6 ტურის შეხვედრაში, “ჯენოამ” “ლეჩეს” უმასპინძლა და უგოლოდ გაეყარა. მასპინძელთა თავკაცმა ალბერტო მასელანიმ ტრადიციულად ძირითად შემადგენლობაში ათამაშა საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი კახა კალაძე, რომელიც არბიტრმა მე-80 წუთზე მინდვრიდან გააძევა. ამ ეპიზოდს წინ ქართველი მცველის გაფრთხილება უსწრებდა. კალაძის თანაგუნდელის მიერ “ლეჩეს” ფორვარდის წაქცევის შემდეგ, გაბრიელე გავამ ჩასტვინა და თამაში გააჩერა. “ჯვაროსანთა” კაპიტანმა ბურთი გადააგდო და მსაჯისაგან ყვითელი ბარათი მიიღო. ამას, კალაძისგან ჩალაპარაკება და გავას ხელში წითელი ბარათის აფრიალება მოჰყვა. “ჯენოას” 8 ქულა გაუხდა და კიდევ ოთხ გუნდთან ერთად IX-XIII ადგილებს იყოფს. ფრიდონ კერვალიშვილი